აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ხორცპროდუქტების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება ხორცპროდუქტებით ვაჭრობისა და წარმოების ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
რეპორტში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული კომპანიები ეკუთვნის მეორე და მესამე ზომით კატეგორიებს, აქედან აუდირებულია მხოლოდ 9 კომპანია. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს. ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 25-ს.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ხორცის პროდუქტების ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი ხორცის წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე, მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ვებგვერდიდან.
კვლევის შედეგები
კვლევა მიმოიხილავს ხორცპროდუქტების მწარმოებელ და მოვაჭრე კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 450 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი 166 მილიონ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე აღწევს 24 მილიონ ლარს. კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს ხორცპროდუქტების წარმოების ინდუსტრიაში გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 13%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 16%. გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა 2018 წლის კომპანიების საშუალო მონაცემები კატეგორიების მიხედვით. მოცემული 25 კომპანიიდან ცხრა კომპანია ერთიანდება მეორე კატეგორიაში, ხოლო ნადარჩენი 16 კომპანია წარმოადგენს მესამე კატეგორიას.