ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია საქართველოში: რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

ქართული კომპანია საქონელს ყიდულობს უცხოეთში მყოფი მშობელი კომპანიისგან, იღებს ჯგუფურ სესხს ან უცხოელ კოლეგებს IT მომსახურებას უწევს. პირველ რიგში, ეს კომერციული გადაწყვეტილებებია, მაგრამ საგადასახადო კოდექსის 126–129¹ მუხლების მიხედვით ასეთი გარიგებები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციებია: ფასი საბაზრო პრინციპს უნდა შეესაბამებოდეს და ეს ბიზნესმა დოკუმენტურად უნდა დაასაბუთოს. პრაქტიკაში ამ საკითხს ტრანსფერულ ფასწარმოქმნას (ასევე: სატრანსფერო ფასწარმოქმნა, ტრანსფერ ფრაისინგი) უწოდებენ, ხოლო დასაბუთების დოკუმენტს - ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაციას ან რეპორტს.
2026 წლიდან თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა: მოგების გადასახადის დეკლარაციას ახალი დანართი დაემატა, რომლითაც შემოსავლების სამსახური კონტროლირებული ოპერაციების მქონე კომპანიებს უკვე სისტემატურად ხედავს.
რა არის ტრანსფერული ფასწარმოქმნა საქართველოში
ტრანსფერული ფასწარმოქმნის მიზანია ჯგუფის შიგნით გარიგების პირობებმა იმ შედეგს მიაღწიოს, რომელსაც შედარებად გარემოებებში დამოუკიდებელი მხარეები მიიღებდნენ. ქართულ საგადასახადო ტერმინოლოგიაში ამას საბაზრო პრინციპი ჰქვია (საერთაშორისო პრაქტიკაში - arm's length principle).
მარეგულირებელი ჩარჩო მოკლედ:
▪ საქართველოს საგადასახადო კოდექსი - 126–129¹ მუხლები;
▪ ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანება - შეფასების მეთოდები, შედარებადობა, კორექტირება და დოკუმენტაციის სია;
▪ OECD-ის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო პრინციპები - გამოიყენება იმ საკითხებში, რომლებსაც ქართული რეგულაცია პირდაპირ არ აწესრიგებს.
კანონი იცნობს OECD-ის ხუთივე მეთოდს: შედარებადი დამოუკიდებელი ფასის, გადაყიდვის ფასის, დანახარჯზე ნამატის, ოპერაციული წმინდა მარჟისა და მოგების გაყოფის მეთოდს. მეთოდის არჩევა გარიგების ფაქტებზე და ხელმისაწვდომი მონაცემების ხარისხზე არის დამოკიდებული და არა მოხერხებულობაზე.
ვის ეხება: რა ითვლება საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციად
წესი ეხება ქართულ კომპანიას ან უცხოური კომპანიის ქართულ ფილიალს (მუდმივ დაწესებულებას), თუ ის ახორციელებს ოპერაციას:
▪ უცხოურ დაკავშირებულ მხარესთან, მათ შორის უცხოურ სათაო ოფისთან; ან
▪ ნებისმიერ პირთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დაბალგადასახადიან (ოფშორულ) იურისდიქციაშია რეგისტრირებული - დაკავშირებულობის მიუხედავად.
ოპერაციის სახეებია: საქონლის ყიდვა-გაყიდვა, მომსახურების გაწევა ან მიღება (მათ შორის სესხი), როიალტი და ნებისმიერი სხვა კომერციული გარიგება, მათ შორის ბიზნესის გადაცემა.
ქართულ რეალობაში ტიპური შემთხვევებია:
▪ ქართული დისტრიბუტორი ყიდულობს პროდუქციას უცხოელი მშობელი კომპანიისგან და ყიდის საქართველოში;
▪ ქართული კომპანია უცხოეთის ჯგუფის წევრებს უწევს მომსახურებას - პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ზარ-ცენტრი, ტექნიკური მხარდაჭერა, შუამავლობა;
▪ ქართული კომპანია იღებს ჯგუფურ მენეჯმენტ, IT ან ფინანსურ მომსახურებას;
▪ ქართული კომპანია იღებს ან გასცემს სესხს უცხოელ დაკავშირებულ მხარესთან;
▪ ქართული ფილიალი იღებს მომსახურებას უცხოური სათაო ოფისისგან;
▪ გადახდა სასაქონლო ნიშნის, ტექნოლოგიის ან ფრენჩაიზის გამოყენებისთვის.
2026 წლის სიახლე: ახალი დანართი მოგების გადასახადის დეკლარაციაზე
2026 წლის 24 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებით (ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანება) შემოვიდა ახალი საანგარიშგებო ვალდებულება. ის ვრცელდება იმ კომპანიებსა და ფილიალებზე, რომელთა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური ღირებულება წინა კალენდარულ წელს 500 000 ლარს აღემატება. ზღვარში შედის ამ ოპერაციებიდან წარმოშობილი დებიტორული და კრედიტორული ნაშთებიც, უსასყიდლო და ბარტერული ოპერაციებიც.
დანართში ყოველ კონტროლირებულ ოპერაციაზე უნდა მიეთითოს: მხარის სახელწოდება და რეზიდენტობის ქვეყანა, დაკავშირებულობის ბუნება (50%-ზე მეტი პირდაპირი ან არაპირდაპირი წილი ან დაბალგადასახადიანი იურისდიქცია), ოპერაციის სახე და წლიური ღირებულება როგორც ორიგინალ ვალუტაში, ისე ლარში.
ასევე სავალდებულოა დოკუმენტაციის სტატუსის დეკლარირება: ის მომზადებულია, არ არის მომზადებული, მზადდება თუ მომზადება იგეგმება.
ესტონური მოდელის მქონე კომპანიები
სხვა კომპანიები
სად წარდგება
მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციასთან ერთად
წლიურ მოგების გადასახადის დეკლარაციასთან ერთად
ვადა
არაუგვიანეს 15 აპრილისა
მომდევნო წლის 1 აპრილი
2025 წლის ოპერაციებზე პირველი ვადა 2026 წლის აპრილი იყო. იგივე ლოგიკით, 2026 წლის ოპერაციები უნდა აისახოს 2027 წლის გაზაფხულზე წარსადგენ დანართში - თუ 2026 წელს 500 000 ლარის ზღვარი გადაილახა. ზუსტი ფორმა და ვადები გაიარეთ მოქმედ რედაქციაზე.
პრაქტიკული შედეგი: შემოსავლების სამსახურს ახლა უკვე აქვს ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ტრანსფერული ფასწარმოქმნის შემოწმების პოტენციური ობიექტები არიან. კომპანია, რომელიც დოკუმენტაციას „მომზადებულად" არ აცხადებს, შესაძლოა მეტი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდეს; ხოლო „მომზადებულად" დეკლარირებული დოკუმენტი რეალურად უნდა არსებობდეს და მოთხოვნისას დაუყოვნებლივ იყოს წარსადგენად მზად.
30 დღე, რომელიც ხშირად ნაკლებია: დოკუმენტაციის წარდგენის წესი
საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში კომპანია ვალდებულია წარადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ასაბუთებს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპს შეესაბამება. პრაქტიკულად მნიშვნელოვანია ფორმულირება: დოკუმენტაცია მოთხოვნის მომენტისთვის უკვე მომზადებული უნდა იყოს. ამიტომ 30 დღე ახალი ანალიზის ჩასატარებლად არ არის განკუთვნილი.
დამატებითი ნიუანსები:
▪ დოკუმენტაცია შეიძლება წარდგეს ქართულად ან ინგლისურად; სამსახურის მოთხოვნით ინგლისური დოკუმენტი ითარგმნება ქართულად;
▪ ქართული წესი ფორმალურად არ ითხოვს Master File-სა და Local File-ს, თუმცა დოკუმენტაციის სტრუქტურა და შინაარსი პრაქტიკაში Local File-ს ჰგავს;
▪ კანონი არ იცნობს მინიმალური ზღვარის გამონაკლისს - ოპერაციის სიმცირე ვალდებულებას თავისთავად არ აუქმებს;
▪ თუ ქართული კომპანიის წლიური ბრუნვა 8 მილიონ ლარზე ნაკლებია და ბიზნესში, შესადარებელ კომპანიებსა თუ ეკონომიკურ პირობებში არსებითი ცვლილება არ მომხდარა, გარე შესადარებლების (ბენჩმარკინგის) განახლება შეიძლება სამ წელიწადში ერთხელ. პრაქტიკულად ეს გამონაკლისი მტკიცების ტვირთს კომპანიაზე ტოვებს, ამიტომ ხშირად უფრო ფრთხილი მიდგომაა ყოველწლიური განახლება;
▪ 750 მილიონ ევროზე მეტი კონსოლიდირებული შემოსავლის მქონე მულტინაციონალური ჯგუფებისთვის ცალკე მოქმედებს ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების (CbC) წესები.
რა ხდება დოკუმენტაციის გარეშე
ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის არარსებობა ან დროულად წარუდგენლობა ორ მიმართულებით ზრდის რისკს.
პირველი - მტკიცების ტვირთი გადადის კომპანიაზე. დროულად წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოუწევს დაამტკიცოს, რომ კომპანიის მიდგომა არასწორია. წარუდგენლობისას ეს პოზიცია კომპანიას უკარგავს.
მეორე - დარიცხვა და სანქციები. საგადასახადო ორგანო შეძლებს გადასახადის კორექტირებას. დაუდეგენელ გადასახადზე ჯარიმა დეკლარაციაში მთლიანი გადასახადის წილის მიხედვით 10%, 25% ან 50%-ია; დაგვიანებისთვის მოქმედებს გადაცდენილი დღის 0,05%-იანი პროცენტი. მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობისთვის ზოგადი ჯარიმა 400 ლარიდან იწყება, თუმცა ეს თანხა ხშირად ნაკლებია სხვა შედეგებთან შედარებით.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ესტონური მოდელიც: ამ სისტემაში ტრანსფერული ფასწარმოქმნის კორექტირება უშუალოდ ექვემდებარება დაბეგვრას.
პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როცა დოკუმენტაცია გაცილებით მოკლე ვადაში იყო მოთხოვნილი, ვიდრე 30 დღე, სწორედ იმ არგუმენტით, რომ ის უკვე მომზადებული უნდა ყოფილიყო. დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არსებობს და არ შეიცავს ობიექტურ ანალიზს, ასევე ვერ დაიცავს კომპანიას დამატებითი დარიცხვისგან.
რომელი ოპერაციები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას
ყველა ოპერაციას ერთნაირი რისკი არ ახლავს. რისკი იზრდება ოპერაციის მოცულობის, სირთულისა და იმ იურისდიქციის მიხედვით, სადაც კონტრაგენტია.
ჯგუფური სესხები. საქართველოს კანონმდებლობაში თხელი კაპიტალიზაციის წესები არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი თავისუფალია: ძირითადი თანხა, ვადა და პროცენტი მსესხებლის საკრედიტო პროფილს უნდა შეესაბამებოდეს. დაფარვის გრაფიკის, უზრუნველყოფისა და ბიზნესმიზნის გარეშე გაფორმებული სესხი კითხვებს ბადებს როგორც პროცენტთან, ისე გარიგების ეკონომიკურ არსთან დაკავშირებით.
ინტელექტუალური საკუთრება და როიალტი. ხელშეკრულება არ კმარა. უნდა გაანალიზდეს, ვინ შექმნა აქტივი, ვინ ახორციელებს მის განვითარებასა და დაცვას, ვინ ატარებს ხარჯსა და რისკს და რა ეკონომიკურ სარგებელს იღებს ლიცენზიატი.
ჯგუფური მომსახურებები. ქართული პრაქტიკის მთავარი კითხვა ხშირად ფასი კი არა, სარგებლის დადასტურებაა - ანუ ფაქტობრივად მიიღო თუ არა კომპანიამ მომსახურება. საჭიროა სამუშაოს აღწერა, შესრულების ანგარიშები, მიმოწერა, თანამშრომელთა ჩართულობა და ხარჯების განაწილების ლოგიკა.
საქონლის მიწოდება. გადაყიდვის ფასი, მარჟა და დისტრიბუტორის რეალური ფუნქციები (მარაგი, ბაზრის რისკი, მარკეტინგი) უნდა ემთხვეოდეს არჩეულ მეთოდს.
ანალიზი ფუნქციებით იწყება და არა მეთოდით
ხშირი შეცდომაა მეთოდის წინასწარ არჩევა. ფუნქციური ანალიზი ადგენს, ვინ იღებს შეკვეთებს, აწარმოებს პროდუქტს, ფლობს მარაგს, მართავს კლიენტებს და იღებს ბაზრის, საკრედიტო, სავალუტო ან მარაგის რისკს. რუტინული მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მნიშვნელოვან რისკს არ იღებს, განსხვავებული ანაზღაურების პროფილის მქონე იქნება იმ კომპანიასთან შედარებით, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს და უნიკალურ აქტივებს იყენებს.
შესადარებლობის ანალიზი (ბენჩმარკინგი) იდეალური ანალოგის ძიება არ არის. უნდა შეფასდეს განსხვავებები პროდუქტში, ბაზარში, კონტრაქტის პირობებსა და ფუნქციურ პროფილში და ეს განსხვავებები გასაგებად განიმარტოს. ქართულ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაცემთა ბაზის შერჩევის კრიტერიუმებს, გეოგრაფიულ დიაპაზონს, შესამოწმებელი მხარის არჩევასა და ზარალიანი კომპანიების გამოყენების საკითხს. ამიტომ ჯგუფის დონეზე მომზადებული დოკუმენტი ადგილობრივი სპეციალისტის მიერ უნდა გადაიხედოს, სანამ საქართველოში გამოიყენება.
დოკუმენტაცია და ბიზნესრეალობა უნდა ემთხვეოდეს
ხარისხიანი ფაილი წინა წლის შაბლონის განახლებით არ მიიღება. მასში აღწერილი ფაქტები უნდა ემთხვეოდეს ხელშეკრულებებს, ბუღალტრულ ჩანაწერებს, მენეჯმენტის ანგარიშებსა და საგადასახადო დეკლარაციებს. ტრანსფერული ფასწარმოქმნის ანალიზში გამოყენებული შემოსავალი, ხარჯი და მოგება უნდა შეირიგოს ფინანსურ ანგარიშგებასთან. თუ დოკუმენტი კომპანიას „შეზღუდული რისკის" მქონედ აღწერს, ანგარიშგება კი განმეორებით ზარალს აჩვენებს, ამის მიზეზი მკაფიოდ უნდა განიმარტოს.
დროულად შესანახი მტკიცებულებები: ხელშეკრულებები, ინვოისები და გადახდის დოკუმენტები, მომსახურების ანგარიშები, მიმოწერა, შიდა დამტკიცებები, ბიუჯეტები, ხარჯების განაწილების გამოთვლები და ფინანსური მონაცემების შერიგება.
ყველაზე გავრცელებული სისუსტეებია:
1. ხელშეკრულება ერთ ფუნქციას აღწერს, თანამშრომლები და გადაწყვეტილებები კი სხვა როლს ადასტურებს;
2. ხარჯი ავტომატურად ნაწილდება სარგებლის შეფასების გარეშე;
3. შედარებითი კვლევა მოძველებულია და ბიზნესმოდელის ცვლილებას აღარ ასახავს;
4. ტრანსფერული ფასწარმოქმნის ციფრები ფინანსურ ანგარიშგებას არ ემთხვევა;
5. დეკლარაციის დანართში დოკუმენტაცია „მომზადებულად" არის მითითებული, თუმცა ფაქტობრივად ფაილი არ არსებობს ან ვადაგასულია.
როგორ მართოს კომპანიამ პროცესი წლის განმავლობაში
1. კონტროლირებული ოპერაციების რეესტრი - ყველა უცხოელი დაკავშირებული მხარე, ხელშეკრულება, ოპერაციის სახე, ღირებულება ლარსა და ვალუტაში, პასუხისმგებელი პირი. რეესტრი ახალი ხელშეკრულების, რეორგანიზაციის ან დაფინანსების შეცვლისთანავე უნდა განახლდეს.
2. წლის შუა პერიოდის გადახედვა - კონტროლირებული ოპერაციების ჯამის 500 000-ლარიან ზღვართან მიახლოების კონტროლი, მარჟების საბაზრო დიაპაზონთან შედარება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება წლის დასრულებამდე.
3. დოკუმენტაციის მომზადება ფისკალური წლის დასრულებისთანავე - ისე, რომ მარტ-აპრილში დეკლარაციის დანართის შევსებისას დოკუმენტი უკვე არსებობდეს.
4. პასუხისმგებლობების გადანაწილება - ფინანსური გუნდი ციფრებს აკონტროლებს, იურისტი - ხელშეკრულებებს, ოპერაციული ხელმძღვანელები კი ადასტურებენ, რა სამუშაო რეალურად შესრულდა.
ხშირად დასმული კითხვები
აუცილებელია თუ არა ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია, თუ უცხოელ დაკავშირებულ მხარესთან ოპერაცია მცირეა?
კანონი მინიმალურ ზღვარს არ ითვალისწინებს. 500 000-ლარიანი ზღვარი დეკლარაციის დანართს განსაზღვრავს და არა დოკუმენტაციის მომზადების ვალდებულებას. ძალიან მცირე ოპერაციების შემთხვევაში კომპანია შეიძლება დოკუმენტის სიღრმეს შეუსაბამოს რისკს, თუმცა ამისთვის მაინც საჭიროა პროფესიული შეფასება.
როდის უნდა მომზადდეს დოკუმენტაცია?
საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის მომენტისთვის მზად უნდა იყოს. პრაქტიკულად - ფისკალური წლის დასრულებისთანავე.
შეიძლება თუ არა დოკუმენტაციის ინგლისურად წარდგენა?
დიახ, თუმცა სამსახურის მოთხოვნით ქართული თარგმანი კომპანიის ხარჯზე უნდა მომზადდეს.
გამოიყენება თუ არა წესები ადგილობრივ დაკავშირებულ კომპანიებს შორის ოპერაციებზე?
დოკუმენტაციისა და დეკლარაციის დანართის ვალდებულება საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ეხება.
შეიძლება თუ არა მომავალი ოპერაციის ფასის წინასწარ შეთანხმება?
კანონი ითვალისწინებს წინასწარი ფასწარმოქმნის შეთანხმების (APA) მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც მეთოდოლოგია საგადასახადო ორგანოსთან კონკრეტულ ოპერაციებზე წინასწარ შეთანხმდება. ამ ინსტრუმენტის პრაქტიკული გამოყენება ცალკე შეფასებას საჭიროებს.
დასკვნა
ტრანსფერული ფასწარმოქმნის დოკუმენტაცია საქართველოში ფორმალობა არ არის. 2026 წლიდან ის დეკლარაციის დანართთან, მტკიცების ტვირთთან და შემოწმების რისკთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ყველაზე ეფექტიანია, როცა დოკუმენტები ბიზნესის გადაწყვეტილებებთან ერთად იქმნება და არა მაშინ, როცა წარსულის ახსნა უწევთ.
AGIC-ის აუდიტის, საგადასახადო და საკონსულტაციო გამოცდილების გაერთიანება ეხმარება კომპანიებს, რომ დოკუმენტაცია იყოს არა იზოლირებული ფაილი, არამედ ფინანსური კონტროლის სისტემის ნაწილი.
გაქვთ ოპერაციები უცხოელ დაკავშირებულ მხარეებთან? გჭირდებათ ტრანსფერული ფასწარმოქმნის რისკების შეფასება, დოკუმენტაციის მომზადება ან დეკლარაციის დანართის შევსება? დაგვიკავშირდით - agic.ge
ეს სტატია ზოგადი ინფორმაციისთვისაა და საგადასახადო რჩევას არ წარმოადგენს. მოქმედი ნორმები და ფორმები გადაამოწმეთ შემოსავლების სამსახურის ბოლო რედაქციით. განახლებულია: 2026 წლის ოქტომბერი.
