ხორცპროდუქტების წარმოება და ვაჭრობა სურსათის სექტორის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AGIC-ის კვლევა ეფუძნება 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს და მოიცავს მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის 25 ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელთაგან 9-ის ფინანსური ანგარიშგება აუდირებულია. კვლევაში ასევე განხილულია ხორცის წარმოებისა და საგარეო ვაჭრობის მონაცემები.
კვლევაში განხილული მწარმოებელი და მოვაჭრე კომპანიების ჯამური ბრუნვა 450 მლნ ლარს აღემატება, აქტივების ჯამი 166 მლნ ლარია, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 24 მლნ ლარს აღწევს. ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის აქტივებზე საშუალო უკუგება (ROA) 13%-ს, ხოლო კაპიტალზე უკუგება (ROE) 16%-ს შეადგენს. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდისუნარიანობის სექტორული კოეფიციენტები.
საბაზრო მიმოხილვის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ხორცის წარმოებამ 72.6 ათასი ტონა შეადგინა. ანგარიშგების პორტალის მონაცემებით, იმავე წელს კვლევაში განხილულ ბაზარზე 12 მწარმოებელი და 13 მოვაჭრე კომპანია იყო. საერთაშორისო სავაჭრო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხორცპროდუქტების იმპორტის ღირებულება 2018 წელს 101.34 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2019 წელს 119.398 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ვინაიდან კვლევა ისტორიულ მონაცემებს ეფუძნება, პუბლიკაცია უნდა განიხილებოდეს როგორც ინდუსტრიის ისტორიული ბენჩმარკი.

