ღვინის წარმოება საქართველოს ერთ-ერთი ტრადიციული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AGIC-ის კვლევა მომზადებულია 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და ფინანსური ანალიზის ნაწილში მოიცავს პირველი, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის 53 ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელთაგან 15-ის ფინანსური ანგარიშგება აუდირებულია.
კვლევაში განხილული ძირითადი ღვინის კომპანიების ჯამური ბრუნვა 203 მლნ ლარს აღემატება, აქტივების ჯამი 430 მლნ ლარია, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 46 მლნ ლარს აღწევს. ანგარიშში წარმოდგენილია ინდუსტრიის ლიდერები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით, ასევე ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდისუნარიანობის ფინანსური კოეფიციენტები.
კვლევა ასევე მიმოიხილავს ღვინის ბაზრის წარმოებისა და საგარეო ვაჭრობის დინამიკას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს 292 კომპანიის მიერ გადამუშავდა 245 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარი შეადგინა. ანგარიშში განხილულია ღვინის ექსპორტის მიმართულებებიც და წარმოდგენილია სექტორის ძირითადი საექსპორტო ბაზრები. ვინაიდან კვლევა ისტორიულ მონაცემებს ეფუძნება, პუბლიკაცია უნდა განიხილებოდეს როგორც ღვინის ინდუსტრიის ისტორიული ბენჩმარკი.

