ახალი საგრანტო პროგრამები
მიმდინარე საგრანტო პროგრამები მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსების გზით განავითარონ ახალი ან გააფართოვონ არსებული შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები. სტატიაში გაგაცნობთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე საგრანტო პროგრამებს:
საგრანტო კონკურსი სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით
საქართველოში სამაცივრე და შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს აპლიკაციების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.
რა დაფინანსდება ?
- პროექტი ორიენტირებულია სამაცივრე და შემგროვებელი/სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვებში –კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი და სუფრის ყურძენი
- გრანტები მიზნად ისახავს საინვესტიციო პროექტების შემუშავებას სამაცივრე და შემგროვებელი/სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურის განვითარება/დაარსების მიმართულებით, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წინასწარი გაგრილება, დაკალიბრება, შეფუთვა, ცივად შენახვა და დისტრიბუცია.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (შპს, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, ინდივიდუალური საწარმო და ა.შ) დარეგისტრირებული, კერძო, კომერციულ შედეგებზე (მოგებაზე) ორიენტირებული, მიკრო, მცირე ან საშუალო მეწარმე სუბიექტი.
პროგრამის პირობები:
- გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 40%-ს, არაუმეტეს $75 000, რომელიც გამოყენებული იქნება ახალი ბიზნესის შექმნისა თუ არსებულის გაფართოვება/განვითარებისთვის, ხოლო დარჩენილი 60%-ის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ.
- კოოპერატივებზე გაცემული გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 70%-ს, რომელიც გამოყენებული იქნება ახალი ბიზნესის შექმნისა თუ არსებულის გაფართოვება/განვითარებისთვის, ხოლო დარჩენილი 30%-ის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს გრანტის მიმღები კოოპერატივის მიერ. თანადაფინანსების აღნიშნული პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ 2018 წლის 23 სექტემბრამდე და გააჩნიათ კოოპერატივის ოპერირების წარმატებული გამოცდილება. სხვა შემთხვევაში, ისინი ისარგებლებენ იმავე პირობით, რომელიც განსაზღვრულია მცირე და საშუალო ზომის მეწარმე სუბიექტებისთვის.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა
- თანამონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ საკუთარი ფულადი ან საკრედიტო სახსრებით განხორციელებული ინვესტიცია. მხოლოდ კოოპერატივებისთვის, გამონაკლის შემთხვევებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ გრანტის მიმღებს, მის მიერ გასაწევი პროექტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილი შეიძლება ჩაუთვალოს არაფულადი სახით. აღნიშნული საჭიროებს USAID-ის ოფიციალურ თანხმობას.
- განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ შეძლებს საგრანტო თანამონაწილეობის სახსრების უზრუნველყოფას ნაღდი ფულით და/ან კრედიტის სახით.
დამატებითი კრიტერიუმები
წინამდებარე მოთხოვნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ დაფინანსებული საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით კრიტერიუმებს:
- შემოთავაზებული პროექტი უნდა იყოს მომგებიანი განსაზღვრული დროის შემდეგ და ჰქონდეს განვითარების გრეძლვადიანი პერსპექტივა;
- განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ გრანტიდან მიღებული სარგებელი დადებით გავლენას მოახდენს შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეებსა და ბევრ ადგილობრივ მწარმოებელზე;
- ექსპორტიორთა შემთხვევაში, შემოთავაზებული პროექტი მიზად უნდა ისახავდეს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საექსპორტო ბაზრებზე (ევროკავშირის ქვეყნები, გალფის ქვეყნები და სხვა მსგავსი საექსპორტო ბაზრები) შესვლას
- განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ პროექტში ქალებისა და ახალგაზრდების, როგორც ბიზნესის მფლობელების, ხელმძღვანელების, თანამშრომლების, კლიენტებისა და/ან სტაჟიორების ინტეგრაციის გეგმა. გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა გამოყოს თანამშრომელი, რომელიც იმუშავებს პროგრამასთან ქალებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციის საკითხებზე
სოფლის განვითარების სააგენტოს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :
- გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
- შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
გეოგრაფიული არეალი
- პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.
- ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს(გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოსი);
პროექტის ფინანსური დახმარება ითვალისწინებს:
- შეღავათიან აგროკრედიტს/შეღავათიან აგროლიზინგს;
- სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი).
სააგენტოს თანადაფინანსება
- სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ს, არაუმეტეს 500 000 ლარს.
- სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტ(ებ)ზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოების თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგი პრინციპით: სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არა უმეტეს 50%-ით და არა უმეტეს 500 000 ლარისა
დაუშვებელია სააგენტოს თანადაფინანსების გამოყენება:
- საწარმოს საბრუნავი სახსრების, მათ შორის, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად;
- მიწის ნაკვეთის შესაძენად;
- შენობა-ნაგებობების შესაძენად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეძენა ხორციელდება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისაგან.
-
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით ან უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაციით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას;
პირობები
- პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰქონდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება;
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტი გათვლილი უნდა იყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებასა და ადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე, გარდა ენერგო-ეფექტური ღუმელების წარმოების შემთხვევაში.
- წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250,000 ლარს.
რა დაფინანსდება ?
პროექტის კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოები :
- ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“ წარმოება;
- თევზის გადამუშავება, თევზპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“ წარმოება;
- რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება;
- ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
- კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
- მატყლის, ტყავის გადამუშავება;
- დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
- ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
- ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
- მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
- თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
- ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
- ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
- ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.
პროექტის ფარგლებში დაფინანსების წყაროები (მათ შორის სააგენტოს თანადაფინანსება) შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ძირითადი საშუალებების (მათ შორის საწარმოს სპეც.ტექნიკითა და წარმოების შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფა) შესაძენად/შესაქმნელად (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა).
ბენეფიციარის თანამონაწილეობა:
ბენეფიციარის თანამონაწილეობას წარმოადგენს პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს თანადაფინანსების გარდა დარჩენილი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფა (მათ შორის შეღავათიანი აგრო კრედიტი/ლიზინგი) .
-
შემნახველი საწარმოების კომპონენტი
საგრანტო პროექტის შემნახველი საწარმოების კომპონენტი ითვალისწინებს ახალი შემნახველი საწარმოების შექმნით დაინტერესებული იურიდიული პირებისათვის (მათ შორის სასოფლო – სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;
პირობები
- დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.
- შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.
- შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პროდუქციის (კერძოდ, კურკოვანი, თესლოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, ბოსტნეული, კაკლოვნები, ყურძენი, ციტრუსოვანი და ბაღჩეული კულტურები) სპეციფიკაზე;
- პოტენციური ბენეფიციარი საკუთრებაში უნდა ფლობდეს მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება შემნახველი საწარმოს შექმნა;
- პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა/შეძენა, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ – ს, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე, დაფინანსდება საწარმოს კომუნიკაციებით უზრუნველყოფა;
პროექტით გათვალისწინებული მასტიმულირებელი მექანიზმები არ გავრცელდება შემდეგი პროფილის შემნახველ საწარმოებზე :
1) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
2) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
3) თევზისა და თევზ პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში წარსადგენი შესაქმნელი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები :
- შესანახად განსაზღვრული ნედლეულის დახასიათება (კულტურა, ჯიშები, მოწოდების არეალი, შესაბამისი ნარგაობის ფართობები).
- შენახვის ტექნოლოგიური სქემის აღწერა (წინასწარი დამუშავება, კონსერვანტების გამოყენება, შენახვის რეჟიმი, ტექნოლოგია (ULO technology, CA storage და ა.შ.).
- შემნახველი საწარმოს არქიტექტურული პროექტი.
- შეძენისათვის განსაზღვრული აგრეგატების ტექნიკური მონაცემები (სამაცივრე დანადგარები, ვენტილაციის სისტემა, ჰაერის დამატენიანებელი).
- შენახვისათვის განსაზღვრული ტარა-მასალის აღწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკონსულტაციო კომპანია AGIC საგრანტო პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ბიზნეს გეგმის შედგენისა და საგრანტო აპლიკაციების მომზადების სერვისებს. დამატებითი ინფორმაციისათვის, დანიშნეთ ონლაინ კონსულტაცია ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: (995 322) 500 130
მობ: (995 599) 34 33 48
ელ–ფოსტა: info@agic.ge | inquiries@agic.ge
მისამართი: 0171, პ. ქავთარაძის I შესახვევი, #10. თბილისი, საქართველო