აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ თხილისა და კაკლის წარმოების ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა, რომელიც ემსახურება მოცემულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გამოვლენას, მეორე და მესამე ზომითი კატეგორიის კომპანიების 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე.
კვლევაში წარმოდგენილია დარგის საშუალო ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც აყალიბებს დარგის “ბენჩმარკს” და იძლევა ინფორმაციას მის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მეთოდოლოგია
კვლევაში გამოყენებული მონაცემები აღებულია ანგარიშგების პორტალის ვებგვერდიდან, სადაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნება.
მოცემული კომპანიები ეკუთვნის მეორე და მესამე ზომით კატეგორიებს, აქედან აუდირებულია მხოლოდ 2 კომპანია. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა 2018 წლის მონაცემებს. ყურადღება გამახვილებულია ბაზრის ლიდერ კომპანიებზე, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 13-ს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თხილისა და კაკლის ბაზრის მიმოხილვაზე, კონკრეტულად კი წარმოებასა და ექსპორტ-იმპორტზე. მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ვებგვერდიდან.
კვლევის შედეგები
კვლევა მიმოიხილავს თხილისა და კაკლის მწარმოებელ კომპანიებს, რომელთა ჯამური ბრუნვა აღემატება 98 მილიონ ლარს, აქტივების ჯამი კი 180 მილიონ ლარს.
კვლევამ გამოავლინა ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.
მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართულ კომპანიებს თხილისა და კაკლის წარმოების ინდუსტრიაში გააჩნიათ შემდეგი ფინანსური მაჩვენებლები: მოგებამ აქტივებზე საშუალოდ შეადგინა (ROA) 5%, მოგებამ კაპიტალზე კი (ROE) 21%.
გარდა ამისა, დადგინდა ფინანსური კოეფიციენტები ინდუსტრიის საშუალო ლიკვიდურობის, ეფექტურობისა და გადახდის უნარიანობის შესახებ.
ბაზრის ზოგადი მიმოხილვა
საქართველოში კაკლის წარმოების ინდუსტრია სტაბილურად მზარდია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 2019 წელს კაკლის წარმოებამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.
განსხვავებული ტენდენცია შეინიშნება თხილის წარმოების ინდუსტრიაში. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ ცვალებადია სტატისტიკა, თუმცა თხილი გაცილებით მეტი იწარმოება, ვიდრე კაკალი. 2019 წელს თხილის წარმოებამ 24 ათასი ტონა შეადგინა. კვლევა გვაჩვენებს რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს გაცილებით მეტი და დააკმაყოფილოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთხოვნები.
ინდუსტრიის კვლევის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე
ასევე იხილეთ ნაყინის წარმოების ინდუსტრიის კვლევა